GEO
ENG

media center

09 August, 2022 BACK

ახალგაზრდა ჟურნალისტის წარმატებული გეგმიური სკრინინგის ისტორია

სოფიო კიკვაძე პროფესიით ჟურნალისტია. როდესაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“ შესახებ სიახლეებს აშუქებდა, ინფორმაციას სწრაფად, თითქოს თვალარიდებით კითხულობდა... დღეს ფიქრობს, რომ ამ დაავადების მიმართ შინაგანი შიში მასშიც არსებობდა.

2022 წლის „ვარდისფერ ოქტომბერს“ სოფიოსთვის ძველი მოცემულობა შეიცვლება... მან საკუთარი თავის და საზოგადოების წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა უკვე აიღო, რათა ძუძუს კიბოს პრევენციის მნიშვნელობაზე ხშირად ისაუბროს და ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული სიარული და გეგმიური სკრინინგის ჩატარება.

„მილიმეტრები, რომელიც ჩემს ორგანიზმში იზრდებოდა, ერთ დღეს თავად აღმოვაჩინე. ამის შემდეგ სკრინინგი ჩავიტარე. ექიმმა არ შემაშინა, თუმცა მითხრა, რომ სჯობდა, სიღრმისეული კვლევა ჩამეტარებინა. მეგობრის რჩევით, ირაკლი კოხრეიძესთან მივედი. უფრო სწორად, მან ირაკლის „ჩამაბარა.“

ამის შემდეგ ბევრი ეტაპი გავიარე: ბიოფსია, პასუხის მოლოდინი, ოპერაცია, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, კვლავ  პასუხის მოლოდინი და მკურნალობა, რომელიც დასასრულს სულ ახლახანს მიუახლოვდა.

„როცა პაციენტი ექიმის კაბინეტიდან გამოდის, მისი ყოველი სიტყვა ახსოვს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ესაუბრება ექიმი პაციენტს და როგორ აწვდის ინფორმაციას მისი დაავადების შესახებ. ირაკლი ექიმმა ყველაფერი გასაგებად და მარტივად ამიხსნა. ბიოფსიამ სიმსივნე გამოავლინა, ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, თუმცა ტელეფონში ნათქვამმა სიტყვებმა - „შენთან სიმშვიდეა,“ მართლაც უდიდესი სიმშვიდე მომგვარა და ყველა ეტაპი ოპერაციის დაგეგმვიდან დღემდე, მსუბუქად გადამატანინა...


ოპერაციის შემდგომ პერიოდში დერეფანში პირველი გასეირნება ჩემთვის იმ პირველი ნაბიჯების მსგავსი იყო, რომელსაც ბავშვობაში გადიხარ. ჩემს ირგვლივ ჯანმრთელობისთვის მებრძოლი ადამიანების გარემოცვა ტრიალებდა, რომლებიც მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მალე მოვძლიერდებოდი. ზოგადად, ვფიქრობ, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს... იმას, თუ  როგორ მიიღებ და გაიაზრებ მოცემულობას. თუ ბედნიერი, იქნები, აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდები.“


მამოლოგისა და ონკოპლასტიკური ქირურგის, ირაკლი კოხრეიძის თქმით, სოფიო კიკვაძის შემთხვევაში დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა. მკურნალობის სრული ციკლი, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა ეტაპისგან შედგება, პაციენტმა პრაქტიკულად დაასრულა.


აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინა ჯანმრთელი და მშვიდი მომავლისათვის. ადრეული დიაგნოსტირება კი,  დაავადებაზე გამარჯვების საუკეთესო საშუალებაა.

 

BACK