GEO
ENG

media center

18 January, 2023 BACK

იმუნოთერაპია - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი სტანდარტი

1)     იმუნოთერაპია ონკო-დაავადებების მკურნალობის ახალი, ეფექტური მეთოდია. რას  გულისხმობს მკურნალობის ეს გზა?

 

დღეისათვის, იმუნოთერაპია აქტიურად ანაცვლებს მკურნალობის ძველ მეთოდებსა და სტანდარტებს. დროთა განმავლობაში ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვა მიზეზის გამო სიმსივნის მიმართ ტოლერანტული ხდება. იმუნოთერაპიის მეშვეობით იმუნური სისტემის გაღვიძება ისე ხდება, რომ მან თავად ამოიცნოს და შეუტიოს მისთვის უცხო და არასასურველ ორგანიზმში მიმდინარე პროცესს. ქიმიოთერაპიის მსგავსად, უმეტესწილად ესეც ინტრავენური გადასხმაა. ჩვენ ვხვდებით ისეთი ტიპის სიმსივნეებს, რომლებზეც ქიმიოთერაპია არ მოქმედებს და სწორედ ამ შემთხვევაში იმუნოთერაპიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

2)     რა ხანგრძლივობა აქვს იმუნოთერაპიას და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს?

 

ზოგადად, ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის სტრატეგია მულტიდისციპლინურად იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაქტიკა მხოლოდ ერთი ექიმის გადასაწყვეტი არ არის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ონკო-ქირურგი, კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი და რადიაციული ონკოლოგი იღებენ მონაწილეობას. ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პრაქტიკაა დანერგილი. ამ მეთოდიკას სამედიცინო შეცდომის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. იმუნოთერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს. როდესაც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ხდება და ორგანიზმში  უცხო უჯრედები აღარ შეინიშნება მკურნალობა წყდება და პაციენტი მუდმივი მონიტორინგის რეჟიმზე გადადის. მკურნალობის ამ მეთოდს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს. ორგანიზმი ადვილად იტანს მას, პროცესი არ იწვევს თმის ცვენას. მთავარი პირობა სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის ჩატარებისას, არის პროცესის მართვა პროფესიონალთა გუნდის მიერ და გადასხმასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების სწორი მენეჯმენტი.

 

 

3)     რა მნიშვნელობის მატარებელია მკურნალობის პროცესის ეფექტურობისათვის პაციენტის ემოციური განწყობა?

 

მკურნალობის დროს განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა პაციენტი გენდობა, მშვიდადაა და სჯერა რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, ასეც ხდება. სასურველია მკურნალობის პროცესში პაციენტმა ყველაფერი ზედმეტი ნერვიულობისა და სტრესის გარეშე აღიქვას და მოცემულობა მშვიდად მიიღოს.

 ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთი მაგალითია სრულიად უიმედო პაციენტის გამოჯანმრთელების, რაშიც რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მედიცინის მიღწევებს მიუძღვის, თუმცა პაციენტის ბრძოლისუნარიანობას, სიცოცხლის და გამარჯვების  წყურვილს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ,  ბრძოლას ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ყოველთვის აქვს აზრი. მითუმეტეს, რომ საბრძოლო იარაღი ყოველდღიურ რეჟიმში გვემატება. საბედნიეროდ, მედიცინაში განსაკუთრებით კი ონკოლოგიაში  საოცარი პროგრესია, რაც კიდევ უფრო იმედისმომცემია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პაციენტებისთვის.

 

BACK