GEO
ENG

media center

12 December, 2022 BACK

კვანძოვანი მიომა - რას წარმოადგენს დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ მას?

1)     რას წარმოადგენს კვანძოვანი მიომა?

კვანძოვანი მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული  დაავადებაა, რომელიც ქალის სრული რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, 16-იდან 50 წლამდე შესაძლოა განვითარდეს. დღესდღეობით აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა და ქალის ასაკის საშუალო სტატისტიკურმა პერიოდმა, როცა ამ დაავადების აღმოჩენა ხდებოდა, 30 წლიდან 25 წლამდე გადმოიწია. სამწუხაროდ,  პრაქტიკაში ოპერაცია 22 წლის გოგონასთვისაც ჩამიტარებია.

2)     რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ დაავადებას?

ხშირ შემთხვევაში, პაციენტთა 60%  ექოსკოპიური კვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მას კვანძოვანი მიომა აქვს. მცირე ზომის კვანძები, რომლებიც საშვილოსნოს კუნთოვან შრეშია განლაგებული, ან საშვილოსნოს ზედაპირზე,  ინტრამურული და სუბსეროზული კვანძები, როგორც წესი კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ თუ კვანძი მზარდია და  გარკვეულ ზომას მიაღწევს, კვანძის ზეწოლა შემდეგ ორგანოებზე იჩენს თავს, რომლებიცაა: შარდის ბუშტი, მარცხენა ან მარჯვენა საპროექციო მიდამო, სწორი ნაწლავი და კლინიკური ნიშნები სწორედ ამის შემდეგ იწყებს გამოვლინებას. ეს ნიშნებია: ხშირი შარდვა, შეგრძნება რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება ან დისკომფორტი ნაწლავების არეში. ასევე არსებობს სუბმუკოზური კვანძი რომელიც საშვილოსნოს შიგნით ღრუშია განლაგებული. მისი ზომა  შესაძლოა ნახევარი სანტიმეტრი იყოს. მისთვის დამახასიათებელია სისხლისდენა, ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი ან ხანგრძლივი მენსტრუაცია, რომელიც არ სრულდება. ადრე ასეთი პაციენტები როგორც წესი საშვილოსნოს ამოკვეთის რისკის ქვეშ იდგნენ, თუმცა დღეს მედიცინის განვითარებასთან და იმ მაღალტექნოლოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად რასაც ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია ქვია საშვილოსნოს შენარჩუნებას უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.  ჩვენს გუნდს ქალბატონებისათვის არაერთხელ შეუნარჩუნებია საშვილოსნო და მხოლოდ კვანძები ამოგვიკვეთავს. ბუნებრივია, ეს ყოველივე ქალბატონს შესაძლებლობას აძლევს კიდევ ეზიაროს დედობის სიხარულს.

  

3)     კვანძოვანი მიომის რა მკურანლობის მეთოდები არსებობს დღეს? 

მიომის სამკურნალოდ ძირითადად ქირურგიული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება. თუ კვანძის ზომა 3 სანტიმეტრს არ აღემატება, ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის, თუმცა  აუცილებელია პაციენტი ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს, მდგომარეობა ექოსკოპიით აკონტროლოს და ნახოს იზრდება თუ არა კვანძი. განლაგებას და კვანძის მდებარეობას ამ შემთხვევაშიც,  დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საქმე სუბმუკოზურ კვანძთან გვაქვს, ანუ საშვილოსნოს ღრუში მდებარე კვანძთან, იქ  არსებული ნახევარსანტიმეტრიანი კვანძიც კი, ქირურგიული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა. თუმცა აქვე მსურს აღვნიშნო, რომ კვანძოვანი მიომის ამოღებით და საშვილოსნოს შენარჩუნებით, ყველაფერი არ  სრულდება და მომავალში კვანძის გაჩენის ალბათობა კვლავ არსებობს, რადგან კვანძოვანი მიომა სამწუხაროდ საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული დაავადებაა. ამიტომ ქალის მთლიანი რეპროდუქციული პერიოდის მანძილზე სანამ საკვერცხეები ფუნქციონირებს , კვანძის განვითარების ალბათობის რისკი არის. სამედიცინო პრაქტიკაში ვიყენებთ პრევენციულ მეთოდებს, რომელთაც ოპერაციის გაკეთების შემდგომ მივმართავთ, რათა კვანძების გაჩენის რისკი შევამციროთ. მას შემდეგ რაც, კვანძის ამოღება, და მისი მორფოლოგიური კვლევის ჩატარება მოხდება და გავიგებთ რა სახის კვანძთან გვაქვს საქმე, დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაძლოა ჰორმონალური მკურნალობა დაინიშნოს, რათა  ახალი კვანძი არ განვითარდეს. თუმცა გარანტირებულად ახალი კვანძის გაჩენისგან დაცვა არც ჰორმონალური მკურნალობაა, რადგან მედიკამენტის მოხსნისთანავე კვანძის გაჩენის ალბათობა ისევ იზრდება. 

BACK