1) როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება სადღესასწაულო დღეებში?
ახალი-წლის პერიოდში ჩვენს ორგანიზმს ორმაგი დატვირთვით უწევს მუშაობა. რასაკვირველია, დღესასწაულების დროს დიეტის დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმართულია, თუმცა სასიამოვნო საახალწლო განწყობა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ გაგიფუჭოთ, აუცილებელია გარკვეული კვებითი რეკომენდაციები დავიცვათ, რაც ჩვენს ორგანიზმს ცხარე, მჟავე, ცხიმიანი და კალორიული საკვებით მიღებულ დისკომფორტს აარიდებს. ცხიმიანი კერძები, რომლებიც განსაკუთრებით უხვად გვხვდება საახალწლო სუფრაზე კუჭ-ნაწლავს, პირველ რიგში კი ნაღვლის ბუშტს ვნებს. სწორედ დღესასწაულების ფარგლებში იზრდება ქოლეცისტიტის გამწვავების რისკი, როცა ნაღვლის ბუშტის პრობლემას ნალექისა თუ კენჭოვანი დაავადების სახით ვხვდებით. აღნიშნულ მდგომარეობას დამახასიათებელი ყრუ ან შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პირღებინება, ფაღარათი, შებერილობა და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი ახასიათებს. გადატვირთული საახალწლო ქართული სუფრის ფონზე კუწ-ნაწლავის მრავალი დაავადება იჩენს თანს. მათ შორის განსაკუთრებით ხშირია: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და კვებითი ინტოქსიკაციები.
აღნიშნული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ კვების ჯანსაღ და სწორ რაციონს შევარჩევთ. გირჩევთ, დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით იკვებოთ. სასურველია, რაციონში მაქსიმალურად ჩავრთოთ ბოჭკოვანი, ნახშირწყლები, ცილები, ხილი, ბოსტენული რომელიც ორგანიზმს ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი საკვებისგან განტვირთვაში ეხმარება. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და გაზიან სასმელებს. დღის განმავლობაში დალიეთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. აღნიშნულ რეკომენდაციებთან ერთად სასურველია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოაწყოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, მოძრაობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, რათა ზედმეტი სიმძიმე ავირიდოთ თავიდან.
2) ქართული საახალწლო სუფრის რომელი კერძი ან პროდუქტი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს განსაკუთრებით?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტს განსაკუთრებით ნიგვზიანი პროდუქტები აღიზიანებს. ქართულ სუფრაზე ნიგოზი ბევრი კერძის მთავარი ინგრედიენტია. ქართულ საახალწლო სუფრაზე ნიგოზს თითქმის ყველა მთავარ კერძსა თუ ნუგბარში ვხვდებით, როგორებიცაა: გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ფხალეული, ნამცხვრები. სწორედ ამ პროდუქტების ჭარბად მიღება იწვევს ქოლეცისტიტს, გასტრიტს და მათ გამწვავებას. ასევე აღსანიშნავია მაიონეზი, რომელიც არა მარტო კუჭ-ნაწლავისთვის არამედ სხვა სისტემებისთვისაც მავნე და არასასურველი პროდუქტია. მაიონეზის ნაცვლად სალათების შესაზავებლად შეგვიძლია ზეთისხილის ზეთი გამოვიყენოთ ან მაიონეზი თავად მოვამზადოთ სახლში.
3) როგორ უნდა ვიკვებოთ დღესასწაულების დროს ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?
საახალწლო სუფრის მოლოდინი ადამიანებს მთელი წლის მანძილზე აქვთ, თუმცა ისეთი დისკომფორტის და ჩივილების თავიდან ასაცილებლად როგორებიცაა: შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, არტერიული წნევის ცვალებადობა და კვებითი ინტოქსიკაციები აუცილებელია კვება დავაბალანსოთ. მათ შორის ბოსტნეულის სალათებით, ადვილად მოსანელებელი მწვანე სალათის ფუცლებით. მივირთვათ ზომიერად დამარილებული, ნაკლებად ცხარე საკვები. რაციონში შეგვიძლია ჩავრთოთ რძის პროდუქტები, ვაკონტროლოთ გაზიანი სასმელის დოზა, დიდი რაოდენობით მივიღოთ წყალი, ხილის კომპოტი, ჩაი, ყავა და ნატურალური წვენები.დღევანდელ ახალ რეალობაში, შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ და ის კერძები მოამზადოთ, რაც თქვენ და თქვენს სტუმრებს ესიამოვნებათ. ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, თითოეულ ადამიანს საკუთარი კუჭის ნორმის და დოზის შეგრძნება აქვს, რასაც ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ, შევიგრძნოთ და არ დავკარგოთ.