ENG
GEO

მედია ცენტრი

მედია ცენტრი

მეტი
22 ივნისი, 2023

როგორ შევარჩიოთ კვების რაციონი სწორად წონის კორექციისთვის?

  1. რა არის სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და რას ექცევა ყურადღება დიეტის დანიშვნის დროს?

 

ხშირ შემთხვევაში,  სიმსუქნე არასწორი კვებითი ჩვევებით არის გამოწვეული. ჭარბი წონის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს: ჰორმონალური დისბალანსი, არააქტიური ცხოვრების წესი, უძილობა, სტრესი და არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რამდენად ჭარბი წონა აქვს პაციენტს და როგორ არის განლაგებული ცხიმოვანი მასა, რაც შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიაზე მიუთითებდეს.

 

  1. რა არის საუკეთესო საშუალება წონის კორექციისთვის?

 

წონის კორექციის საუკეთესო გზა ბალანსირებული კვებაა. რეკომენდებულია,  საკვების ხშირი  3 - 4 საათიანი ინტერვალით, მცირე ულუფებით მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა  ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ბალანსირებულად მიიღოს. ტკბილეულის სახით ნახშირწყლების და ბევრი ცხიმის მიღებას კი მოვერიდოთ. სასურველია,  კალორიული საკვები დღის საათებში მივიღოთ, ხოლო ნაკლები კალორაჟის მქონე საკვები - საღამოს. ჯანსაღი კვების პრინციპი სწორედ ამაში მდგომარეობს. ამ დროს სხეული დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ენერგიას, წონის კლება კი, ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვების რეჟიმი წონის შენარჩუნების გარანტიაა.

 

  1. რას გვეტყვით საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული დიეტების ნაირსახეობებზე?

 

წონის კორექციისთვის არ არის რეკომენდებული მონოდიეტა, რომელიც გულისხმობს დღის განმავლობაში ერთი სახის პროდუქტის მიღებას. ასევე,  შიმშილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ საზიანოა ორგანიზმისთვის, ხელს უწყობს შემდგომში წონის სწრაფ მატებას. რიგი დაავადებების დროს, რომლებიც კორელაციაშია სიმსუქნესთან, მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ინსულინორეზისტენტობა, შიმშილი დაუშვებელია.

 

  1. რას სთავაზობს ,,კარაპს მედლაინის’’ ენდოკრინოლოგიური მიმართულება პაციენტებს?

 

ჩვენი კლინიკა პაციენტებს  სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების სრულყოფილ დიაგნოსტიკას,  სამკურნალო ტაქტიკის შემუშავებას  და ინდივიდუალურად მორგებული დიეტის შერჩევას სთავაზობს.

 

მეტი
13 ივნისი, 2023

ენდომეტრიუმის პოლიპი - უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი. როგორ ვუმკურნალოთ ამ პრობლემას?

ენდომეტრიუმის პოლიპი საშვილოსნოს ღრუში არსებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. დღესდღეობით, პოლიპის წარმოქმნის მიზეზები სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა არსებობს ორი თეორია:

  1. ჰორმონალური დარღვევები ან ქალის სასქესო ორგანოებში არსებული ქრონიკული ანთებითი პროცესები.
  2. ენდომეტრიუმის მექანიკური დაზიანება.

წინასწარგანწყობის ფაქტორებად მიჩნეულია: ანოვულატორული (ოვულაციის გარეშე) მიმდინარე მენსტრუალური ციკლი, ჰიპერტონია, გაცხიმოვნება, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (როგორიცაა ტამოქსიფენი ან ექსტრემალური კონტრაცეფციის ხშირი გამოყენება)

პოლიპის ტიპები:

  • ენდომეტრიუმის პოლიპი შეიძლება იყოს რამდენიმე მილიმეტრიდან 2-3 სმ-მდე ზომის, ჰქონდეს მცირე ფეხი ან ფართო ფუძე, იყოს ერთეული ან მრავალი.
  • საშვილოსნოს ღრუში პოლიპი - შეიძლება იყოს ლოწოვანი, ლორწოვან-ფიბროზული ან ფიბროზული

პოლიპის ტიპი ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შედეგად დგინდება.

სიმპტომები:

მცირე ზომის პოლიპების არსებობა შესაძლოა ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს, თუმცა სხვა შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სისხლიანი გამონადენი საშოდან მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან 2-3 დღის შემდეგ ან მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში. ზოგ შემთხვევებში, ქალბატონებში  ვლინდება არასასიამოვნო შეგრძნება სქესობრივი კონტაქტის დროს ან სისხლიანი გამონადენი კონტაქტის შემდეგ, ჭინთვების მსგავსი ტკივილები და უნაყოფობა დიდი ზომის პოლიპების არსებობის დროს.

პოლიპის გავლენა ჩასახვაზე

პოლიპის არსებობა 32-38,5%-ით განსაზღვრავს და ზეგავლენას ახდენს  უნაყოფობაზე.  მსგავს შემთხვევაში  პოლიპის მოკვეთა  ორსულობის დადგომის შანს 2-ჯერ ზრდის, როგორც ხელოვნური განაყოფიერების, ასევე ბუნებრივი ციკლის დროს.

მკურნალობა

ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა ენდომეტრიუმის პოლიპის მოშორებამდე არ არის მიზანშეწონილი.

პოლიპის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია საოფისე  ჰისტეროსკოპიის ჩატარება - პოლიპის მოცილება და შემდგომი მორფოლოგიური კვლევა პოლიპის შესასწავლად.

რატომ არის აუცილებელი პოლიპის მოცილება?

პოლიპმა შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევა , სისხლდენა, უნაყოფობა, რკინადეფიციტური ანემია და იშვიათ შემთხვევებში ენდომეტრიუმის კიბო გამოიწვიოს.

2014 წლიდან ,კარაპს მედლაინში’’  პოლიპების მოსაშორებლად წარმატებით ტარდება საოფისე ჰისტეროსკოპია.  მანიპულაციის დროს, საშვილოსნოს ღრუს ვიზუალური დათვალიერება ხდება. დღეისათვის,  პროცედურა საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. 

მეტი
22 მარტი, 2023

ენდოკრინული დაავადებები და მათი პრევენცია

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი დარგია. ის შიდა სეკრეციის ჯირკვლების, ანუ ენდოკრინული ჯირკვლების სტრუქტურას, ფუნქციებს, პათოლოგიებს, ჰორმონებს  და ადამიანის ორგანიზმზე მათ ზემოქმედებას შეისწავლის. ენდოკრინოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული კარდიოლოგიასთან, ოფთალმოლოგიასთან ონკოლოგიასთან, გასტროენტეროლოგიასთან, გინეკოლოგიასთან და მედიცინის სხვა დარგებთან.

 

ძირითად შიდა სეკრეციის ჯირკვლებს, ენდოკრინული ჯირკვლებს მიაკუთვნებენ ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზს, ფარისებრ ჯირკვალს, პანკრეასს, ნაწლავების ინკრეტორულ აპარატს, თირკმელზედა ჯირკვლებს, სათესლე ჯირკვლებს და საკვერცხეებს.

ყველა მათგანი  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციას ახდენს, რომლებსაც, ჰორმონები ეწოდებათ. ჰორმონები ნივთიერებებია, რომლებსაც მარეგულირებელი თვისებები გააჩნიათ. ადამიანის ჰორმონალური ბალანსი რთული, კომპლექსური და მყიფე მექანიზმია, ამიტომ მასში არსებული დარღვევების უმეტესობა ადამიანის სხეულის პრაქტიკულად ყველა სისტემას აყენებს ზიანს.

ენდოკრინული დაავადებები  ამა თუ იმ ჰორმონის დეფიციტმა ან ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს. ჰორმონების სინთეზი და სეკრეცია ნერვული სისტემით, კერძოდ, ჰიპოფიზით და ჰიპოთალამუსით რეგულირდება.

 

თანამედროვე ენდოკრინოლოგიის აქტუალურ პრობლემას ისეთი დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: დიფუზური, ტოქსიური ჩიყვი, თირეოდიტი, ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ცისტები, კეთილთვისებიანი / ავთვისებიანი სიმსივნეები და შაქრიანი დიაბეტი. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაავადებები:აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჰიპოთალამური სინდრომი, უშაქრო დიაბეტი, ლაქტაციის პრობლემები, პროლაქტინომა. თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები, სასქესო ჯირკვლევის ფუნქციების დარღვევები ,ენდოკრინული უშვილობა და აგრეთვე დღეისათვის ფართოდ გავრცელებული დ ვიტამინის ნაკლებობა.  დ ვიტამინის დეფიციტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ნერვულ ქსოვილებში გამტარებლობის დარღვევას და ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს როგორებიცაა: ძვლის გამოფიტვა, მოტეხილობა.

 

ენდოკრინულ დაავადებებს, როგორც წესი, გრძელი უსიმპტომო პერიოდი ახასიათებს პათოლოგიური პროცესების შემდგომი გააქტიურებით. ენდოკრინულ დაავადებათა უმეტესობას ხანგრძლივი, ხშირ შემთხვევაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობა და ექიმის მუდმივ მონიტორინგი სჭირდება. შესაბამისად, დაავადების დროული  აღმოჩენა მისი შემდგომი განვითარების და პროგრესირების პრევენციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

დღესდღეობით, ენდოკრინულ დაავადებათა პრევენცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, ბალანსირებული კვებითი რაციონით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით და სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობით არის შესაძლებელი.

 

 

 

მეტი
18 იანვარი, 2023

იმუნოთერაპია - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი სტანდარტი

1)     იმუნოთერაპია ონკო-დაავადებების მკურნალობის ახალი, ეფექტური მეთოდია. რას  გულისხმობს მკურნალობის ეს გზა?

 

დღეისათვის, იმუნოთერაპია აქტიურად ანაცვლებს მკურნალობის ძველ მეთოდებსა და სტანდარტებს. დროთა განმავლობაში ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვა მიზეზის გამო სიმსივნის მიმართ ტოლერანტული ხდება. იმუნოთერაპიის მეშვეობით იმუნური სისტემის გაღვიძება ისე ხდება, რომ მან თავად ამოიცნოს და შეუტიოს მისთვის უცხო და არასასურველ ორგანიზმში მიმდინარე პროცესს. ქიმიოთერაპიის მსგავსად, უმეტესწილად ესეც ინტრავენური გადასხმაა. ჩვენ ვხვდებით ისეთი ტიპის სიმსივნეებს, რომლებზეც ქიმიოთერაპია არ მოქმედებს და სწორედ ამ შემთხვევაში იმუნოთერაპიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

2)     რა ხანგრძლივობა აქვს იმუნოთერაპიას და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს?

 

ზოგადად, ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის სტრატეგია მულტიდისციპლინურად იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაქტიკა მხოლოდ ერთი ექიმის გადასაწყვეტი არ არის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ონკო-ქირურგი, კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი და რადიაციული ონკოლოგი იღებენ მონაწილეობას. ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პრაქტიკაა დანერგილი. ამ მეთოდიკას სამედიცინო შეცდომის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. იმუნოთერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს. როდესაც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ხდება და ორგანიზმში  უცხო უჯრედები აღარ შეინიშნება მკურნალობა წყდება და პაციენტი მუდმივი მონიტორინგის რეჟიმზე გადადის. მკურნალობის ამ მეთოდს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს. ორგანიზმი ადვილად იტანს მას, პროცესი არ იწვევს თმის ცვენას. მთავარი პირობა სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის ჩატარებისას, არის პროცესის მართვა პროფესიონალთა გუნდის მიერ და გადასხმასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების სწორი მენეჯმენტი.

 

 

3)     რა მნიშვნელობის მატარებელია მკურნალობის პროცესის ეფექტურობისათვის პაციენტის ემოციური განწყობა?

 

მკურნალობის დროს განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა პაციენტი გენდობა, მშვიდადაა და სჯერა რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, ასეც ხდება. სასურველია მკურნალობის პროცესში პაციენტმა ყველაფერი ზედმეტი ნერვიულობისა და სტრესის გარეშე აღიქვას და მოცემულობა მშვიდად მიიღოს.

 ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთი მაგალითია სრულიად უიმედო პაციენტის გამოჯანმრთელების, რაშიც რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მედიცინის მიღწევებს მიუძღვის, თუმცა პაციენტის ბრძოლისუნარიანობას, სიცოცხლის და გამარჯვების  წყურვილს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ,  ბრძოლას ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ყოველთვის აქვს აზრი. მითუმეტეს, რომ საბრძოლო იარაღი ყოველდღიურ რეჟიმში გვემატება. საბედნიეროდ, მედიცინაში განსაკუთრებით კი ონკოლოგიაში  საოცარი პროგრესია, რაც კიდევ უფრო იმედისმომცემია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პაციენტებისთვის.

 

მეტი
30 დეკემბერი, 2022

როგორ დავიცვათ კუჭ-ნაწლავი დღესასწაულებზე?

1)     როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება სადღესასწაულო დღეებში?

ახალი-წლის პერიოდში ჩვენს ორგანიზმს ორმაგი დატვირთვით უწევს მუშაობა. რასაკვირველია, დღესასწაულების დროს დიეტის დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმართულია, თუმცა სასიამოვნო საახალწლო განწყობა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა რომ არ გაგიფუჭოთ, აუცილებელია გარკვეული კვებითი რეკომენდაციები დავიცვათ, რაც ჩვენს ორგანიზმს ცხარე, მჟავე, ცხიმიანი და კალორიული საკვებით მიღებულ დისკომფორტს აარიდებს. ცხიმიანი კერძები, რომლებიც განსაკუთრებით უხვად გვხვდება საახალწლო სუფრაზე კუჭ-ნაწლავს, პირველ რიგში კი ნაღვლის ბუშტს ვნებს. სწორედ დღესასწაულების ფარგლებში იზრდება ქოლეცისტიტის გამწვავების რისკი, როცა ნაღვლის ბუშტის პრობლემას ნალექისა თუ კენჭოვანი დაავადების სახით ვხვდებით. აღნიშნულ მდგომარეობას დამახასიათებელი ყრუ ან შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, პირღებინება, ფაღარათი, შებერილობა და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი ახასიათებს. გადატვირთული საახალწლო ქართული სუფრის ფონზე კუწ-ნაწლავის მრავალი დაავადება იჩენს თანს. მათ შორის განსაკუთრებით ხშირია: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და კვებითი ინტოქსიკაციები.

აღნიშნული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ კვების ჯანსაღ და სწორ რაციონს შევარჩევთ. გირჩევთ, დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით  იკვებოთ. სასურველია, რაციონში მაქსიმალურად ჩავრთოთ ბოჭკოვანი, ნახშირწყლები, ცილები, ხილი, ბოსტენული რომელიც ორგანიზმს ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი საკვებისგან განტვირთვაში ეხმარება. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და გაზიან სასმელებს. დღის განმავლობაში დალიეთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. აღნიშნულ რეკომენდაციებთან ერთად სასურველია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოაწყოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, მოძრაობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, რათა ზედმეტი სიმძიმე ავირიდოთ თავიდან.

 

2)     ქართული საახალწლო სუფრის რომელი კერძი ან პროდუქტი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს განსაკუთრებით?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტს განსაკუთრებით ნიგვზიანი პროდუქტები  აღიზიანებს. ქართულ სუფრაზე ნიგოზი ბევრი კერძის მთავარი ინგრედიენტია. ქართულ საახალწლო სუფრაზე ნიგოზს თითქმის ყველა მთავარ კერძსა თუ ნუგბარში ვხვდებით, როგორებიცაა: გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ფხალეული, ნამცხვრები. სწორედ ამ პროდუქტების ჭარბად მიღება იწვევს ქოლეცისტიტს, გასტრიტს და მათ გამწვავებას. ასევე აღსანიშნავია მაიონეზი, რომელიც არა მარტო კუჭ-ნაწლავისთვის არამედ სხვა სისტემებისთვისაც მავნე და არასასურველი პროდუქტია. მაიონეზის ნაცვლად სალათების შესაზავებლად შეგვიძლია  ზეთისხილის ზეთი გამოვიყენოთ ან მაიონეზი თავად მოვამზადოთ სახლში.

3)     როგორ უნდა ვიკვებოთ დღესასწაულების დროს ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?

საახალწლო სუფრის მოლოდინი ადამიანებს მთელი წლის მანძილზე აქვთ, თუმცა ისეთი დისკომფორტის და ჩივილების თავიდან ასაცილებლად როგორებიცაა: შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, არტერიული წნევის ცვალებადობა და კვებითი ინტოქსიკაციები აუცილებელია კვება დავაბალანსოთ. მათ შორის ბოსტნეულის სალათებით, ადვილად მოსანელებელი მწვანე სალათის ფუცლებით. მივირთვათ ზომიერად დამარილებული, ნაკლებად ცხარე საკვები. რაციონში შეგვიძლია ჩავრთოთ რძის პროდუქტები, ვაკონტროლოთ გაზიანი სასმელის დოზა, დიდი რაოდენობით მივიღოთ წყალი, ხილის კომპოტი, ჩაი, ყავა და ნატურალური წვენები.დღევანდელ ახალ რეალობაში, შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ და ის კერძები მოამზადოთ, რაც თქვენ და თქვენს სტუმრებს ესიამოვნებათ. ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, თითოეულ ადამიანს საკუთარი კუჭის ნორმის და დოზის შეგრძნება აქვს, რასაც ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ, შევიგრძნოთ და არ დავკარგოთ.

მეტი
14 დეკემბერი, 2022

წონა და ორსულობა - როგორ უნდა ვიკვებოთ ორსულობის დროს?

1)     რა პროცესებთან არის დაკავშირებული ორსულობა?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც ორგანიზმში ნაყოფის ზრდა-განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ დროს, დედის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემაში  მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც 9 თვის ბოლოს , ჯანმრთელი ახალშობილის მოვლინებით სრულდება. ორსულობის დროს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ როგორც ნაყოფის, ასევე დედის ჯანმრთელობაც, რომლის შეფასების საუკეთესო მარკერი სხეულის წონაა. ორსულობის დროს დედის წონის მატება აუცილებელია,თუმცა აღნიშნულზე დაკვირვებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: |დედის საწყისი წონა, ორსულობის ვადა, ნაყოფის/ნაყოფების რაოდენობა. აღნიშნული ფაქტორების გარდა აუცილებელია ისეთი დეტალების მხედველობაში მიღება და გათვალისწინება როგორებიცაა:  ორსულის კვებითი ქცევის (საკვების მიღების სიხშირე,საუზმის გამოტოვება,ბოლო კვების დრო) რაციონის (შემადგენელი პროდუქტების წილობრივი განაწილება) და აგრეთვე ძილ-ღვიძილის თავისებურებები (გაღვიძებისა და დაძინების დრო,თავად ძილის პროცესის მახასიათებლები-დარღვევები). სასურველია, აღნიშნული საკითხების დაგეგმვა ექიმმა პაციენტთან ერთად ორსულობამდე, ე.წ. მოსამზადებელ ეტაპზე მოახდინოს, რათა ორსულობა ენერგეტიკულად უზრუნველყოფილ ორგანიზმში დადგეს.დედისა და ნაყოფისათვის პრობლემებს ქმნის დედის მიერ წონის როგორც გადამეტებული ისე არასაკმარისი  მატება. საზოგადოებაში მომეტებული ყურადღება - წონის მატებას  ეთმობა,რაც პირველ რიგში ექიმის მხრიდან განსაკუთრებულ რეაქციას და ორსულის სათანადო ინფორმირებას საჭიროებს. წონის კონტროლი, კვებისა და ძილის რეჟიმი, ამ ფაქტორების ბალანსი და სწორი დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევა, მათი ჰარმონიული(ფიზიოლოგიური)შერწყმის გარეშე წარმოუდგენელია.ჭარბწონიან და მსუქან ორსულებს,აგრეთვე ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონეთ,სწორი კვებითი, ძილისა და ფიზიკური აქტივობის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია ერთნაირი ტიპის დარღვევები განუვითარდეთ. ზემოთჩამოთვლილი საკითხების მიმართ დამოკიდებულება, დაგეგმვა და განსაზღვრა ექიმმა საწყის ეტაპზევე უნდა დაიწყოს: ორსულის სხეულის ანატომიური თავისებურებების,ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის(ვიზუალურად), ცხიმის განლაგების, ფიზიკური აქტივობის, წონის კორექციასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით.

 
blog

 

2) რას მოიცავს ორსულის კვება? 

 

ჯანმრთელი ორსულის ყოველდღიური დაბალანსებული რაციონი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ბოსტნეულის და ხილისაგან უნდა შედგებოდეს. სასურველია,რომ  ნახშირწყლების წილი 50%,  ცხიმების 30-25% ხოლო ცილების, 20-25% იყოს. განსაკუთრებული უპირატესობა ცხოველურ ცილას უნდა მივანიჭოთ.

 

ცილოვან პროდუქტებს მიაკუთვნებენ  ზღვის პროდუქტებს, ფრინველს და სხვა ხორცპროდუქტებს, რძის პროდუქტებს არაჟნისა და მდნარი ყველის გარდა. მცენარეული ცილებით მდიდარია ლობიო, ბარდა, სოიო და ოსპი.

მცენარეული ცხიმების წყაროა თხილეული(თხილი, მიწის თხილი, ნიგოზი, ნუში, ქეშიუ), მცენარეული ზეთები, განსაკუთრებით ზეითუნის და სელის, აგრეთვე თესლეული- გოგრის და მზესუმზირის მარცვლები.

ცხოველური ცხიმებიდან მიზანშეწონილია ორსულმა მიიღოს: კარაქი, ერბო, არაჟანი, მარგარინის და მაიონეზის გარდა. ცხიმებს მიეკუთვნება ავოკადოც, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია ორსულისათვის.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვებია  მარცვლეული ,განსაკუთრებით, მისი არარაფინირებული პროდუქტები. ამ შემთხვევაში უპირატესობა მთელმარცვლოვან პროდუქტებს ენიჭებათ როგორებიცაა: წიწიბურა,შვრია, ხორბალი,ქერი და მათგან მიღებული არარაფინირებული და არაფანტელოვანი ნაწარმი, რომელიც გარდა სასარგებლო ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი კომპონენტებისა უხვად შეიცავს მცენარეულ ბოჭკოებს. მათ დიდი და მრავალგვარი სარგებელი მოაქვთ ორსულის რაციონში ბახჩა-ბოსტნეულთან და სეზონურ ხილთან ერთად.

 

პროპორციულად დღის მანძილზე, ბოსტენულის  წილი 2/3-ს, ხოლო ხილის, 1/3-ს უნდა შეადგენდეს.ხილი და ჩირი უმჯობესია კვების შემდეგ, არაუგვიანეს 2 საათის ,ან  უშუალოდ კვების წინ მივიღოთ.

 

ორსულის კვებითი რაციონის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია წყალი.ჯანმრთელი ორსულისათვის წყლის  დღიური რაოდენობა  2 ლიტრამდე მერყეობს,  ხოლო, მესამე ტრიმესტრიდან 1,7 ან 1,8 ლიტრს აღწევს.  წყლის მიღება უმჯობესია კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო კვებიდან, ერთი საათის შემდეგ მოხდეს და მას ოთახის ტემპერატურა  ჰქონდეს.

 

ქრონიკული დაავადების მქონე ორსულთათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიის შემთხვევაში აუცილებელია  კვების რაციონის კორექტირება, რაშიც სრულყოფილ და კვალიფიციურ დახმარებას ,,კარაპს მედლაინში’’ მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი მასთან ასოცირებულ  ენდოკრინოლოგ- ნუტრიციოლოგთა  გუნდთან ერთად, თანამედროვე აპარატურის გამოყენებითა და სათანადო ლაბორატორიულ  კვლევებზე დაყრდნობით გაგიწევთ.

 

 

3)     რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ორსულობის დროს წონის მატებას?

წონის პათოლოგიური მატება ორსულობის დროს დედასაც და შვილსაც უამრავ პრობლემას უქმნის. ეს შეეხება ნაყოფის  ზრდას ,განვითარების ანომალიებს ,ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის უმწიფრობას,ან პირიქით-დიდი და გიგანტი ნაყოფის განვითარებას მისი შესაძლო ტრავმირებით  მშობიარობის დროს.დადგენილია ორსულის სიმსუქნის|წონის პათოლოგიური მატების კავშირი როგორც დედის, ისე შვილის დიაბეტის განვითარებაში.არსებობს გარკვეული მონაცემები აუტიზმის განვითარებასთან დაკავშირებითაც.ჭარბი წონის მატების დროს არანაკლები ხიფათი ელოდება ორსულს როგორებიცაა: არტერიული წნევის მატება,პრეეკლამფსია,ორსულთა დიაბეტი,სამშობიარო მოქმედების არაეფექტურობა,საკეისრო კვეთის, მაშებისა და ვაკუუმის ,დედის ტრავმატიზმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები და სხვა.

 

მეტი
12 დეკემბერი, 2022

კვანძოვანი მიომა - რას წარმოადგენს დაავადება და როგორ ვუმკურნალოთ მას?

1)     რას წარმოადგენს კვანძოვანი მიომა?

კვანძოვანი მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული  დაავადებაა, რომელიც ქალის სრული რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, 16-იდან 50 წლამდე შესაძლოა განვითარდეს. დღესდღეობით აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა და ქალის ასაკის საშუალო სტატისტიკურმა პერიოდმა, როცა ამ დაავადების აღმოჩენა ხდებოდა, 30 წლიდან 25 წლამდე გადმოიწია. სამწუხაროდ,  პრაქტიკაში ოპერაცია 22 წლის გოგონასთვისაც ჩამიტარებია.

2)     რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ დაავადებას?

ხშირ შემთხვევაში, პაციენტთა 60%  ექოსკოპიური კვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მას კვანძოვანი მიომა აქვს. მცირე ზომის კვანძები, რომლებიც საშვილოსნოს კუნთოვან შრეშია განლაგებული, ან საშვილოსნოს ზედაპირზე,  ინტრამურული და სუბსეროზული კვანძები, როგორც წესი კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ თუ კვანძი მზარდია და  გარკვეულ ზომას მიაღწევს, კვანძის ზეწოლა შემდეგ ორგანოებზე იჩენს თავს, რომლებიცაა: შარდის ბუშტი, მარცხენა ან მარჯვენა საპროექციო მიდამო, სწორი ნაწლავი და კლინიკური ნიშნები სწორედ ამის შემდეგ იწყებს გამოვლინებას. ეს ნიშნებია: ხშირი შარდვა, შეგრძნება რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება ან დისკომფორტი ნაწლავების არეში. ასევე არსებობს სუბმუკოზური კვანძი რომელიც საშვილოსნოს შიგნით ღრუშია განლაგებული. მისი ზომა  შესაძლოა ნახევარი სანტიმეტრი იყოს. მისთვის დამახასიათებელია სისხლისდენა, ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი ან ხანგრძლივი მენსტრუაცია, რომელიც არ სრულდება. ადრე ასეთი პაციენტები როგორც წესი საშვილოსნოს ამოკვეთის რისკის ქვეშ იდგნენ, თუმცა დღეს მედიცინის განვითარებასთან და იმ მაღალტექნოლოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად რასაც ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია ქვია საშვილოსნოს შენარჩუნებას უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.  ჩვენს გუნდს ქალბატონებისათვის არაერთხელ შეუნარჩუნებია საშვილოსნო და მხოლოდ კვანძები ამოგვიკვეთავს. ბუნებრივია, ეს ყოველივე ქალბატონს შესაძლებლობას აძლევს კიდევ ეზიაროს დედობის სიხარულს.

  

3)     კვანძოვანი მიომის რა მკურანლობის მეთოდები არსებობს დღეს? 

მიომის სამკურნალოდ ძირითადად ქირურგიული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება. თუ კვანძის ზომა 3 სანტიმეტრს არ აღემატება, ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის, თუმცა  აუცილებელია პაციენტი ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს, მდგომარეობა ექოსკოპიით აკონტროლოს და ნახოს იზრდება თუ არა კვანძი. განლაგებას და კვანძის მდებარეობას ამ შემთხვევაშიც,  დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საქმე სუბმუკოზურ კვანძთან გვაქვს, ანუ საშვილოსნოს ღრუში მდებარე კვანძთან, იქ  არსებული ნახევარსანტიმეტრიანი კვანძიც კი, ქირურგიული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა. თუმცა აქვე მსურს აღვნიშნო, რომ კვანძოვანი მიომის ამოღებით და საშვილოსნოს შენარჩუნებით, ყველაფერი არ  სრულდება და მომავალში კვანძის გაჩენის ალბათობა კვლავ არსებობს, რადგან კვანძოვანი მიომა სამწუხაროდ საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული დაავადებაა. ამიტომ ქალის მთლიანი რეპროდუქციული პერიოდის მანძილზე სანამ საკვერცხეები ფუნქციონირებს , კვანძის განვითარების ალბათობის რისკი არის. სამედიცინო პრაქტიკაში ვიყენებთ პრევენციულ მეთოდებს, რომელთაც ოპერაციის გაკეთების შემდგომ მივმართავთ, რათა კვანძების გაჩენის რისკი შევამციროთ. მას შემდეგ რაც, კვანძის ამოღება, და მისი მორფოლოგიური კვლევის ჩატარება მოხდება და გავიგებთ რა სახის კვანძთან გვაქვს საქმე, დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაძლოა ჰორმონალური მკურნალობა დაინიშნოს, რათა  ახალი კვანძი არ განვითარდეს. თუმცა გარანტირებულად ახალი კვანძის გაჩენისგან დაცვა არც ჰორმონალური მკურნალობაა, რადგან მედიკამენტის მოხსნისთანავე კვანძის გაჩენის ალბათობა ისევ იზრდება. 

მეტი
11 ნოემბერი, 2022

პოსტკოვიდური პნევმონია და ფილტვების რეაბილიტაცია კორონავირუსის შემდეგ

  1. რამდენად ხშირად იჩენს თავს პნევმონია პოსტკოვიდურ ფაზაში?

 

კორონავირუსით გამოწვეული პნევმნონიის დროს ალვეოლების მიმდებარე ქსოვილი შუპდება. შეშუპებული ქსოვილის ზეწოლის შედეგად, ალვეოლები იჭმუხნება, ფილტვებში მცირდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიმოცვლა. აღნიშნული მდგომარეობა  რენტგენში არამკაფიო დაჩრდილვით, მკვეთრი საზღვრების გარეშე ვლინდება, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიით, დაბურული მინის სინდრომი იჩენს თავს. კოვიდპნევმონია ტიპური პნევმონიისგან განსხვავებით, თანდათანობით, მშრალი ხველით იწყება, ანთება ხშირ შემთხვევაში ორმხრივია, დიდ ფართობს მოიცავს და სწრაფად ვითარდება. დამახასიათებელი სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა, სპაზმი მკერდის არეში, სატურაციის ვარდნა, ქოშინი და ფილტვების შეშუპება. პოსტკოვიდურ ფაზაში პნევმონია ხშირად იჩენს თავს. გამოჯანმრთელებული პაციენტების 20%-ზე მეტს შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს კოვიდის სიმპტომები. კვლევების უმეტესობა ამ ყოველივეს მიზეზად, ვირუსის პერსისტენციას ასახელებს, რაც ვირუსის სხეულში დიდხანს დარჩენას და ხელსაყრელ მომენტამდე CD4 უჯრედებში ანუ თ ლიმფოციტებში დამალვას გულისხმობს.

 

  1. შესაძლებელია თუ არა პოსტკოვიდური დაზიანების რისკის წინასწარი შეფასება?

 

რისკის წინასწარი შეფასება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია შესაძლებელი. დაავადების გადატანის შემდეგ, კლინიკურ და ლაბორატორიულ მაჩვენებლებში შენარჩუნებული ცვლილებები გახანგრძლივებული კოვიდის მანიშნებელია. მკურნალობის და სარეაბილიტაციო კურსის სწორად წარმართვისთვის დაახლოებით ერთწლიანი მონიტორინგის ჩატარებაა საჭირო, კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით. 

 

  1. რა სახის მკურნალობის ჩატარებაა რეკომენდირებული პოსტკოვიდური პნევმონიის სამკურნალოდ?

 

კორონავირუსის შემდეგ, ორგანიზმის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობა კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სელექტიური და სიმპტომურია. გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ჰორმონები) ისე ანტიკოაგულანტები, ჟანგბადის თერაპია და ვიტამინები. აგრეთვე, რეკომენდებულია, დიდი რაოდენობით სითხის მიღება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

 

  1. რა ტიპის სარეაბილიტაციო კურსი უნდა ჩაიტარონ პაციენტებმა ფილტვების აღსადგენად?

 

პნევმონიის დროს, ფილტვებს კომპლექსური რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამ დროს რეკომენდირებულია, ცილებით, ვიტამინებით,მინერალებით მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა და სუნთქვითი ვარჯიშები. სასურველია, ხშირი და რეგულარული დასვენება, რათა თავიდან ავირიდოთ გადაღლა. კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში წამყვანია სუნთქვითი ფუნქციის აღდგენა. ფილტვის რეაბილიტაციის ძირითადი მეთოდი სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებაა, რომელიც კარგად განიავებულ ოთახში ან სუფთა ჰაერზე უნდა შესრულდეს, უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად, იკლებს სუნთქვის სიხშირე, ქოშინი, ხოლო სუნთქვითი მოცულობა იზრდება. ნებისმიერი სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარებამდე, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ექიმის მიერ იყოს შეფასებული.