GEO

პაციენტების ისტორია

25 აპრილი, 2016 უკან
გიორგი ბასილაშვილი
-25 კგ

ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპერაციიდან 40 დღის შემდეგ -25 კგ. იდეალურ წონამდე და მის მთავარ მიზნამდე, კიდევ წელიწად ნახევარია. თუმცა მანამდე პირველი დაკარგული კილოგრამებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეთქვა: “ასე მგონია, დავფრინავ”. "კარაპს მედლაინში" მას ყველა იცნობს და გულშემატკივრობს, განსაკუთრებით კი მერაბ კილაძე და ოთარ კეპულაძე - მისი მკურნალი ექიმები, რომლებიც გიორგისთან ერთად გადიან გზას 197 კილოგრამიდან იდეალურ წონამდე, რომელიც წელიწად ნახევარში 100 კგ-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ოპერაცია 19 წლის ბიჭისთვის აუცილებელი, თუმცა იმ ეტაპზე მიუღწეველი, იყო. გიორგი ვერც წარმოიდგენდა, რომ “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” მას ოპერაციას დაუფინანსებდა. არც ის ეგონა, რომ ამ რთულ გზას მარტო არ გაივლიდა და მის ირგვლივ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც პრობლემის დაძლევაში დაეხმარებოდნენ.


მერაბ კილაძე (ზოგადი ქირურგი):

გიორგი 197 კგ-ს იწონიდა, ეს საკმაოდ დიდი მასაა 19 წლის საშუალო სიმაღლის ბიჭისთვის. ეს არის პათოლოგიური სიმსუქნე, როცა მოშლილია სასიცოცხლო ფუნქციები გულის, ფილტვის, შარდ-სასქესო სისტემების, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციები. გიორგის წონა იწვევდა სახსრების ტკივილს. ოპერაციამდე ამბობდა, რომ სურდა ფეხის ფეხზე გადადება, ეს რომ შეძლო, უკვე ძალიან გახარებული იყო. მკაცრი დიეტით 20 კილოსაც იკლებდა, მაგრამ შემდეგ ორმაგად ინაზღაურებდა. გიორგის ასაკში ასეთ წონას შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოჰყვეს. შესაძლოა, მოხდეს თრომბოემბოლია, სისხლჩაქცევა, ინსულტი. ამიტომ ოპერაცია აუცილებელი იყო. ჩვენ გიორგის ვთხოვეთ, რომ დაეკლო 20 კგ, მაგრამ დაკლების ნაცვლად 3 კგ ჰქონდა მომატებული, თუმცა სხვა მხრივ მზად იყო ოპერაციისთვის და ამიტომ აღარ გადავდეთ. 40 დღე გავიდა ოპერაციიდან და უკვე ვხედავთ ბრწყინვალე შედეგს. კვირაში ერთი კილოს დაკლებაც კი ითვლება ნორმალურ შედეგად, გიორგის კი უკვე ბევრად მეტი აქვს დაკლებული.

გიორგის ჩაუტარდა ვერტილკალიური გასტროპლასტიკა, კუჭი არის საყლაპავი მილის გაგრძელება, რომელიც უკავშირდება თორმეტგოჯა ნაწლავს. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტები წონის 90%-ს იკლებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გიორგი 100 კილოზე დაბლა ჩამოვა, წელიწად ნახევრის შემდეგ რა შედეგსაც მივიღებთ, იმ წონას შეინარჩუნებს. ჩვენ პერიოდულად გადავამოწმებთ მინერალებისა და ვიტამინების დონეს მის ორგანიზმში, რომ დეფიციტის წარმოშობა გამოვრიცხოთ.

ოთარ კეპულაძე:

ძალიან დიდ როლს თამაშობს გიორგის განწყობა. ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ რაღაც საქმეზე იყო წასასვლელი და უპრობლემოდ ავიდა მე-12 სართულზე. ჭამის მოთხოვნა გაუქრა, 3-4 ლუკმა უკვე აკმაყოფილებს. თან ხედავს შედეგს, რაც მისთვის დამატებითი მოტივაციაა. უყურებს (ანუ ყურადღებას აქცევს) გოგონებს, გვიჯერებს და მიჰყვება ჩვენს მითითებებს, იცავს რეჟიმს. უკვე სამუზეუმოდ ინახავს ძველ ტანსაცმელს, აქვს მიზნები. სურს, რომ ისწავლოს მონტაჟის რეჟისურა და დაიწყოს მუშაობა ტელევიზიაში, ამ ყველაფერს კი მისი წონა განაპირობებს, რაც ძალიან გვახარებს.
უკან