GEO

პაციენტების ისტორია

25 აპრილი, 2016 უკან
კესო გოგოტიშვილი
6 წლის კესო გოგოტიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ტრავმატოლოგები არჩევანის წინაშე იდგნენ ამპუტაცია, ან ოპერაცია. კესოს მარცხენა ფეხის წვივის ძვალი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი, დაკარგული იყო რბილი ქსოვილი, დაზიანებული ჰქონდა ბარძაყი და ფეხის კუნთი. ასეთი იყო კესოს მდგომარეობა ოპერაციამდე; იმ დროს, ალბათ, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ბავშვი ძალიან მალე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. დაძლევდა ყველა სირთულეს, ადვილად გადაიტანდა ყველა ოპერაციას და ახალი მომავლისთვის ბრძოლას, პირველ რიგში, თვითონ დაიწყებდა. ასეც მოხდა, რთული სამედიცინო შემთხვევის მთავარი გმირები კესო გოგოტიშვილი და მისი მკურნალი ექიმები არიან ის ადამიანები, რომლებმაც კესოს ფეხი გადაურჩინეს.

ამ ისტორიას განსხვავებულად ყვებიან კესოს მშობლები და ექიმები. მშობლებისთვის ეს ურთულესი ოპერაცია, პირველ რიგში, უნიკალურია, იმიტომ რომ მათ შვილს ურთულესი დიაგნოზის მიუხედავად, ფეხი შეუნარჩუნდა. საშა კალანტაროვის გუნდს 13-საათიანი ოპერაციის “უნიკალურად” შეფასება უჭირთ.

ალექსანდრე კალანტაროვი, პროფესორი, “კარაპს მედლაინის” პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი:

პაციენტი იყო ურთულეს მდგომარეობაში, ფეხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ძვალს აკლდა რბილქსოვილოვანი საფარი, მარტივად რომ ვთქვათ, ჰაერში იყო წვივის ძირითადი ძვალი, რომელიც ფეხის საყრდენი ძვალია. კესოს გაუკეთდა რბილქსოვილოვანი საფარი და ორ კვირაში შევძელით ბავშვის გაწერა. ახლა ტრავმატოლოგები თანდათანობით მისცემენ უფლებას, რომ დააბიჯოს და დატვირთოს ფეხი.

ოპერაცია გაგვიგრძელდა 12 საათზე მეტხანს. ეს არ იყო უნიკალური შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის. ყველა პაციენტი თავიდანვე ვერ ერკვევა, რა სირთულის ოპერაციას ვუკეთებთ, მერე როცა აცნობიერებენ და ხედავენ შედეგს, შეუძლებელია, რომ არ გაჩნდეს ჩვენ შორის მეგობრობა. ცხადია, კესოსაც დავუმეგობრდით. ჩვენი პაციენტები წლების შემდეგ მოდიან და გვკითხულობენ, ჩვენც გვიხარია მათი დანახვა. საბედნიეროდ, საქართველოში ადამიანებს კეთილი საქმე მუდამ ახსოვთ.

გიორგი გოგოტიშვილი, კესოს მამა:

ავარიის შემდეგ ფეხის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. იაშვილის კლინიკაში კესოს პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, ტრავმატოლოგმა ზურა ბერუაშვილმა. მისმა გუნდმა ბავშვს პირველი დახმარება აღმოუჩინა და ფეხი შეუნარჩუნა. შემდეგ მოვხვდით ბატონ საშასთან. მან კესოს უნიკალური ოპერაცია ჩაუტარა. რბილი ქსოვილები გადაუნერგა და დაუფარა წვივის ძვალი.

თამარ გრძელიშვილი, კესოს დედა:

კესომ პირველივე დღიდან ყველაფერი იცოდა, თვითონვე კითხულობდა, რა იყო საჭირო, რა უკეთდებოდა. ერთადერთი, რაც არ იცოდა, რბილი ქსოვილების გადანერგვა იყო; როცა გააცნობიერა, რომ კიდევ ერთი ჭრილობა დაემატა, გააპროტესტა და დაბადების დღემდე არავის ელაპარაკებოდა. “კარაპს მედლაინში” ყველა მის გამხიარულებას ცდილობდა, ყველას დაუმეგობრდა და საშა კალანტაროვის მთელი გუნდი ძალიან შეუყვარდა.
უკან