ENG
GEO

სერვისები

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება. ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული, რაც დედამიწაზე 200 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია.

ოსტეოპოროზის სიმპტომები


ოსტეოპოროზს „ჩუმ“ დაავადებას უწოდებენ. ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები:
  • აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა;
  • წელის ტკივილი;
  • ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;
  • ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;
  • სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.


ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა


ტრადიციული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, რის გამოც, ბოლო დრომდე, ამ დაავადების დიაგნოზს დაგვიანებით სვამდნენ. საბედნიეროდ, ახლა უკვე შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრით არის შესაძლებელი. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ შეგიძლიათ აღნიშნული მეთოდით დიაგნოსტიკის ჩატარება. ოსტეოპოროზის გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო, მარტივი და არაინვაზიურია. მისი საშუალებით, შესაძლებელია მაღალი სიზუსტით შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მინერალიზაციის ხარისხი და, ასევე, მოტეხილობის რისკი.


ოსტეოპოროზის მკურნალობა


ოსტეოპოროზის მკურნალობა და ძვლის მინერალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი. თუმცა, შორსწასულ შემთხვევებში, მედიკამენტების დამატებაც არის საჭირო, რომლის დანიშვნაც მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია: ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია და ანტირეზორბციული პრეპარატებითა და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა. გარდა ამისა, ოსტეოპოროზით დაავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც შეამცირებს წაქცევის რისკებს;
  • გამართული დგომა, სიარული და ჯდომა;
  • სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;
  • მყარ საწოლზე წოლა;
  • თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ყავაზე უარის თქმა;
  • მაღალ მაგიდასთან მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ ამ დაავადების და მისი გართულებების თავიდან არიდება პრევენციითა და სწორი მკურნალობით უკვე სრულად არის შესაძლებელი.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge