RUS

медиа центр

22 марта, 2023 НАЗАД

ენდოკრინული დაავადებები და მათი პრევენცია

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი დარგია. ის შიდა სეკრეციის ჯირკვლების, ანუ ენდოკრინული ჯირკვლების სტრუქტურას, ფუნქციებს, პათოლოგიებს, ჰორმონებს  და ადამიანის ორგანიზმზე მათ ზემოქმედებას შეისწავლის. ენდოკრინოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული კარდიოლოგიასთან, ოფთალმოლოგიასთან ონკოლოგიასთან, გასტროენტეროლოგიასთან, გინეკოლოგიასთან და მედიცინის სხვა დარგებთან.

 

ძირითად შიდა სეკრეციის ჯირკვლებს, ენდოკრინული ჯირკვლებს მიაკუთვნებენ ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზს, ფარისებრ ჯირკვალს, პანკრეასს, ნაწლავების ინკრეტორულ აპარატს, თირკმელზედა ჯირკვლებს, სათესლე ჯირკვლებს და საკვერცხეებს.

ყველა მათგანი  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციას ახდენს, რომლებსაც, ჰორმონები ეწოდებათ. ჰორმონები ნივთიერებებია, რომლებსაც მარეგულირებელი თვისებები გააჩნიათ. ადამიანის ჰორმონალური ბალანსი რთული, კომპლექსური და მყიფე მექანიზმია, ამიტომ მასში არსებული დარღვევების უმეტესობა ადამიანის სხეულის პრაქტიკულად ყველა სისტემას აყენებს ზიანს.

ენდოკრინული დაავადებები  ამა თუ იმ ჰორმონის დეფიციტმა ან ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს. ჰორმონების სინთეზი და სეკრეცია ნერვული სისტემით, კერძოდ, ჰიპოფიზით და ჰიპოთალამუსით რეგულირდება.

 

თანამედროვე ენდოკრინოლოგიის აქტუალურ პრობლემას ისეთი დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: დიფუზური, ტოქსიური ჩიყვი, თირეოდიტი, ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ცისტები, კეთილთვისებიანი / ავთვისებიანი სიმსივნეები და შაქრიანი დიაბეტი. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაავადებები:აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჰიპოთალამური სინდრომი, უშაქრო დიაბეტი, ლაქტაციის პრობლემები, პროლაქტინომა. თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები, სასქესო ჯირკვლევის ფუნქციების დარღვევები ,ენდოკრინული უშვილობა და აგრეთვე დღეისათვის ფართოდ გავრცელებული დ ვიტამინის ნაკლებობა.  დ ვიტამინის დეფიციტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ნერვულ ქსოვილებში გამტარებლობის დარღვევას და ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს როგორებიცაა: ძვლის გამოფიტვა, მოტეხილობა.

 

ენდოკრინულ დაავადებებს, როგორც წესი, გრძელი უსიმპტომო პერიოდი ახასიათებს პათოლოგიური პროცესების შემდგომი გააქტიურებით. ენდოკრინულ დაავადებათა უმეტესობას ხანგრძლივი, ხშირ შემთხვევაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობა და ექიმის მუდმივ მონიტორინგი სჭირდება. შესაბამისად, დაავადების დროული  აღმოჩენა მისი შემდგომი განვითარების და პროგრესირების პრევენციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

დღესდღეობით, ენდოკრინულ დაავადებათა პრევენცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, ბალანსირებული კვებითი რაციონით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით და სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობით არის შესაძლებელი.

 

 

 

НАЗАД