RUS

медиа центр

01 ноября, 2022 НАЗАД

ცვლილებები ძუძუს კიბოს მკურნალობაში

ძუძუს კიბო დღეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დაავადება ხშირად გვხვდება შრომისუნარიანი ასაკის ქალთა პოპულაციაში, რაც ნეგატიურ როლს ასრულებს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ  დაავადებული ადამიანის დროებითი შრომისუნარიანობის შეზღუდვის მხრივაც. 

დღესდღეობით, დაავადების სიხშირის მატების ზოგადი ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა საქართველოს სტატისტიკა არ განსხვავდება ევროპის განვითარებული ქვეყნების სტატისტიკისაგან (100,000 სულ მოსახლეზე ქალთა პოპულაციაში). დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მთავარი წინაპირობა ქალების ინფორმირებულობა, სკრინინგის ჩატარება და დროული დიაგნოსტირებაა.  

დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, მულტიდისციპლინური კვლევები, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა გარდამტეხ როლს ასრულებს ძუძუს კიბოთი გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებლის ზრდის პროცესში. შედეგად, დღეს საქართველოში გაცილებით ნაკლები რაოდენობით ვხვდებით გართულებულ და მძიმე სამედიცინო შემთხვევებს, ვიდრე 10 წლის წინ.

ონკოლოგიამ და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესმა 21-ე საუკუნეში ძირეული ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ქირურგიული ჩარევების მინიმალიზაციაა. 80-90-იან წლებში მასტექტომია (ძუძუს მოკვეთის ოპერაცია) ერთადერთ ადექვატურ ქირურგიულ ჩარევად ითვლებოდა ისევე, როგორც - ლიმფადენექტომია (იღლიის ლიმფური კვანძების ამოკვეთის ოპერაცია). თუმცა დღეს აღნიშნული მოცემულობა სრულიად შეიცვალა და სელექტიური ოპერაციებით ჩანაცვლდა. სელექტიური ოპერაციების დროს ექიმები აღმოაჩენენ და ამოკვეთენ კონკრეტულად იმ ლიმფურ კვანძებს, რომლებიც შესაძლოა, სიმსივნის გამავრცელებელი პირველი დონის ბარიერი იყოს.

მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა სხივური თერაპიის მიმართულებითაც. რადიოლოგების და სხივური ონკოლოგების ხელთ არსებული ახალი საშუალებები ისეთი ზონების დასხივების შესაძლებლობას იძლევა, რომლებთან მიღწევაც ქირურგიული ჩარევით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ან ინვალიდიზაციის მაღალ რისკთან გახლდათ დაკავშირებული.

ცვლილებები შეეხო ქიმიოთერაპიული მკურნალობის მეთოდსაც და ის უფრო მეტად  ინდივიდუალური, მიზნობრივი მიდგომით ჩანაცვლდა, რამაც ქიმიოთერაპიის თანმხლები გვერდითი ეფექტების შემცირებაც გამოიწვია. აღსანიშნავია, ასევე ახალი პრეპარატები, რომელთა გამოჩენამ, ჰორმონალურ და ანტიჰორმონალურ მკურნალობასთან ერთად,  დაავადებისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელის ზრდა და გვერდითი მოვლენების შემცირება გამოიწვია. ხშირ შემთხვევაში, ჰორმონოთერაპია იმავე ეფექტით, შედეგით და ნაკლები გვერდითი მოვლენით ქიმიოთერაპიას ანაცვლებს.

ევოლუცია ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის ყველა მეთოდს შეეხო. დღეს ექიმების არსენალში ასობით სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციაა, რომელიც სიმსივნის სხვადასხვა მდებარეობაზეა მორგებული. ის, თუ რა ტექნიკით და რა სახის ქირურგიული ჩარევით შეასრულებს ექიმი ოპერაციას და წარმართავს მკურნალობის შემდგომ კურსს, სწორედ სიმსივნის მდებარეობა განსაზღვრავს.

სასიხარულოა ის ფაქტი რომ,  საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ, პრაქტიკულად, ყველა თანამედროვე მეთოდია ხელმისაწვდომი.

ონკოლოგიამ და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობამ ძირეული ცვლილებები განიცადა. ექიმების ხელში ყოველდღიურად ახალი ინსტრუმენტები ჩნდება. თანამედროვე რეალობაში პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი დღითიდღე იზრდება, რაც როგორც ექიმებისთვის ასევე, პაციენტებისთვის გამოჯანმრთელების გზაზე მთავარი მოტივაციაა.

НАЗАД